საქართველოში რეცეპტის გამოწერა დღეიდან მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
საქართველოში რეცეპტის გამოწერა დღეიდან მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება იმ რეფორმის ნაწილია, რომელსაც უწყება ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ სფეროში ახორციელებს.

ამასთან, ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლისა და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

დატოვე კომენტარი