საქართველოში პირველი ონლაინ ჩემპიონატი დასრულდა | ჭადრაკი
საქართველოში პირველი ონლაინ ჩემპიონატი დასრულდა | ჭადრაკი

მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველა ქვეყანა და სფერო მოიცვა, გამონაკლისს არც  სპორტი შეადგენს.

ერთი წლით გადაიდო ზაფხულის ოლიმპიადა, გადაიდო და გაუქმდა უამრავი ჩემპიონატი თუ საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც.

თუმცა, მოჭადრაკეებმა გამოსავალი მოძებნეს და ონლაინ სივრცეში გადაინაცვლეს. ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com ტარდება უამრავი შეჯიბრი სხვადასხვა დროის კონტროლით, სხვადასხვა დონის მოჭადრაკეებსა თუ უბრალოდ მოყვარულებს შორის.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ პლატფორმაზე საკუთარი ჯგუფი Georgian Chess Federation  შექმნა და აქტიურად მართავს  ტურნირებს სწრაფ ჭადრაკში.

ფედერაციამ საქართველოს პირველი ონლაინ პირველობა ჩაატარა. ჩემპიონატი უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტდა და მასში მონაწილეობას ქართული ჭადრაკის გამორჩეული თანავარსკვლავედი იღებდა.

92 მონაწილეს შორის 24 საერთაშორისო დიდოსტატი და 23 საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობდა.

მათ შორის მსოფლიოს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები:ნანა ძაგნიძე,ლელა ჯავახიშვილი,სოფიკო ხუხაშვილი; 2015 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულები:ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი,მერი არაბიძე, სალომე მელია; ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ბაადურ ჯობავა.

სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა წელს: ბაადურ ჯობავა,სოფიო გვეტაძე,სალომე მელია,ნინო ბაციაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ელვისებურ ჭადრაკში ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე, ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა და დაწესებული იყო რამდენიმე საპრიზო კატეგორია.

ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე უცნობი იყო. საბოლოოდ, ჩემპიონის ტიტული, 13  ქულით  ერთპიროვნულად მოიპოვა უნიჭიერესმა, ეროვნულმა ოსტატმა ნიკა ვოლკოვმა, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერია ამ დისციპლინაში და ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა ჩემპიონატის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებისათვის ბრძოლაში მან ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები დაამარცხა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე, ბაადურ ჯობავა. 12-12 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა:გიგა ყუფარაძემ (III)  და თორნიკე სანიკიძემ (IV).

არანაკლებ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა ბრძოლა ქალთა შორის. საბოლოოდ, 10,5 ქულა მერი არაბიძემ და ნინო ხომერიკმა დააგროვეს. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა არაბიძემ დაისაკუთრა.ხოლო, მესამე ადგილზე 10 ქულით ბელა ხოტენაშვილი გავიდა.

2200-მდე სარეიტინგო კატეგორიაში საუკეთესო შედეგი გიორგი გამზარდიამ აჩვენა, ხოლო 16 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის – ნიკოლოზ კაჭარავამ გამოიჩინა თავი.

საბოლოო შედეგები:

ვაჟები

1. ვოლკოვი ნიკა – 13 ქულა;

2. ჯობავა ბაადურ – 12.5 ქულა;

3. ყუფარაძე გიგა – 12 ქულა;

4. სანიკიძე თორნიკე – 12 ქულა;

5. ჯავახაძე ზურაბ – 11.5  ქულა;

6. სულაშვილი მალხაზ – 11.5 ქულა;

7. ახვლედიანი ირაკლი – 11 ქულა;

8. ფანცულაია ლევან – 11 ქულა;

9. ნიკოლაშვილი გიორგი – 11 ქულა;

10. მორჩიაშვილი ბაჩანა – 11 ქულა;

11. მჭედლიშვილი მიხეილ – 10.5 ქულა;

12. მაღალაშვილი დავით – 10.5 ქულა;

ქალები

1. არაბიძე მერი – 10,5 ქულა

2. ხომერიკი ნინო – 10,5 ქულა

3. ხოტენაშვილი ბელა – 10  ქულა

4. ძაგნიძე ნანა – 9,5 ქულა

5. ბაციაშვილი ნინო – 9 ქულა

6. ხაჟომია სალომე- 9 ქულა

U2200

1. გამზარდია გიორგი 10,5 ქულა

2-3. ობოლაძე ლუკა – 9,5 ქულა

2-3. ჩიტაძე რომან  -9,5 ქულა

4. ზარდიაშვილი აკაკი – 9,5 ქულა

16 წლამდე

1. კაჭარავა ნიკოლოზ  10 – ქულა

2. გონგლიაშვილი ზურაბ -8,5 ქულა

3. მაღლაკელიძე რუსუდან – 8 ქულა

4. კვირიაშვილი ანდრია – 7,5 ქულა

სენიორები

1. მანაგაძე ნიკოლოზ – 9 ქულა

წყარო – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია