საქართველოში ნორვეგიის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოში ნორვეგიის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ნორვეგიის ელჩმა მილოცვის გამოაქვეყნა, რომელშიც ის მოქალაქეებს ქართულ ენაზეც მიმართავს.
ნორვეგიის ელჩი ხაზს უსვამს, რომ მაისის თვეში, ნორვეგიაც, საქართველოს მსგავსად, ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლის იუბილეს. მაისის თვეში საქართველო და ნორვეგია ორივე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 2021 წელი რთული წელი იყო. გარდა პანდემიისა, საქართველოს არსებული საოკუპაციო და პოლიტიკურ კრიზისთანაც მოუწია გამკლავება. ასეთ რთულ დროს კი ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა. პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინეს კომპრომისის ნება. წინსვლა, პოლიტიკური გამბედაობა და თანამშრომლობის სურვილი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.
საქართველოში წითელი არმიის შემოჭრიდან წელს ასი წელი გავიდა. ამ ფაქტმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად ჩაშალა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგები ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ უსირცხვილო მცოცავ ოკუპაციას და ვგლოვობთ იმ ხალხს, რომელთა სიცოცხლე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას შეეწირა. ჩვენ გვახსოვს იმ ქართველი კაცის გმირობის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის მიტოვებას, საოკუპაციო საზღვრის მიღმა სიკვდილი ამჯობინა.
ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ძლიერი და სანდო პარტნიორია. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მოვასწარით ამ საოცარი ქვეყნის კუთხეების დათვალიერება. დავტკბით რაჭის თვალწარმტაცი ხეობებითა და შთამბეჭდავი ხედებით მყინვარწვერიდან. კიდევ მეტის ნახვის და შეცნობის სურვილი გვაქვს. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, არა მხოლოდ მისი ბუნებისა და სამზარეულოს, არამედ აქაური ხალხისა და კულტურის მრავალფეროვნების გამო, რაც ამ ერს ასეთ საინტერესოს და საყვარელს ხდის. ვაქცინირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რთულ პერიოდს მალე უკან ჩავიტოვებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ელენე სანდ ანდრესენმა.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ! Happy Independence Day 🇬🇪Georgia! @MFAgovge @NorwayMFA @KipshidzeMaia pic.twitter.com/9VK0T84lBY
— Helene Sand Andresen (@SandAndresen) May 26, 2021