საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეები თურქეთის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემას 5-7 მაისს შეძლებენ
საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეები თურქეთის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემას 5-7 მაისს შეძლებენ

საზღვარგარეთ მყოფი თურქეთის მოქალაქეებისთვის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეიდან დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ თურქეთის 3,4 მილიონ მოქალაქეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირების საშუალება 9 მაისამდე ექნება. უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე ხმის მიცემა მხოლოდ 14 მაისს არის შესაძლებელი.

თურქეთს ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა გერმანიაში ჰყავს, სადაც თურქეთის 1,5 მილიონ მოქალაქეს შეუძლია ხმის მიცემა. 400 000 თურქი ამომრჩეველია საფრანგეთში. საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა 5-7 მაისს შეეძლებათ.

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობა აქვს ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც რამდენიმე პარტიისგან შემდგარი „ეროვნული ალიანსის“ სახელით იყრის კენჭს. მეორე ადგილზეა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ შეძლებს ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მიღებას, მაშინ არჩევნების მეორე ტური 20-24 მაისს გაიმართება.