შვიდი ბიზნეს ასოციაცია კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შვიდი ბიზნეს ასოციაცია კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია „თბილისი ენერჯის“ მიერ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაზრდას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილება.

მათივე შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ განმარტება, რომ ეს არ შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მცდარია, რადგან ბიზნეს სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქტის თვითღირებულების გაზრდას.

ამასთან, ასოციაციები აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მათ მოუწევთ დასაქმებულების რაოდენობის ან მათთვის ხელფასის შემცირება.

„გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებისა და შეღავათის გაწევის მოთხოვნით, „თბილისი ენერჯი“ იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს, უზრდის ისედაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.

ცნობილია, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ, რაც ასევე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელ ეკონომიკასა და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე.

„თბილისი ენერჯიმ“ გვაცნობა, რომ ტარიფის ზრდა არ შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველასათვის ცხადია. ჯერ ერთი, გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობს საკუთარ ჯიბეზე, და მეორე – ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კომპანიები იძულებული იქნებიან, კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელ მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.

ჩვენ კარგად გვესმის ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაციით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე, რასაც განიცდის ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ყველა საწარმო საქართველოში. აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები თუ ცალკეული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები არაერთგზის გამოვსულვართ სხვადასხვა წინადადებით და მიგვიმართავს მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის, წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას – ლარის შეუქცევად გაუფასურებას. თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია და პროგნოზი იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ეს უაღრესად საზიანო პროცესი, დღესაც არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ხელმომწერი ასოციაციები კომპანია „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

„ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მძიმე პრობლემები შეექმნებოდა „თბილისი ენერჯისაც“ და ამ საკითხის მუდმივ მოუგვარებლობაზე ის პასუხისმგებელი ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ, გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ ორ საკითხზე:

რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით – 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია – რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში.

ასევე მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დროულად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ უაღრესად საზიანო პროცესის დასარეგულირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ასოციაციები არიან: „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია“, „რესტორატორთა ასოციაცია“.