საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა.

„გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას. პროექტი ურუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ სტაბილურად, ზამთრის პერიოდში ჩვენი მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.