საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას სერიოზული გართულება 27 შემთხვევაში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას სერიოზული გართულება 27 შემთხვევაში დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი გართულება.

„სერიოზული გართულება, რომელიც შეტყობინებას ექვემდებარებოდა, იყო 27. დანარჩენი მსუბუქი გართულებები და გვერდითი მოქმედებები იყო“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინზგე ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი აპრილის სამი საათის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 8 536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები.

„აქედან 6 780 „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 1 756 „ფაიზერით“, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ანუ 14 რიცხვამდე დაჯავშნილია 13 736 ქვეყნის მასშტაბით“, – დასძინა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განარტებით, გვერდითი გართულების 27 შემთხვევიდან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი რეანიმაციული ღონისძიებები.

„გვერდითი მოვლენები და რეაქციები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია, საქართველოში ვაქცინირებულებიდან ასეთი ადმიანები ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს 27 შემთხვევაში, მათგან ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები“, – ხათუნა ზახაშვილმა.