საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან.

კვლავ რჩება ჩვენთან 35 პაციენტი. ერთი ახალი დადასტურებული მივიღეთ სოფელ მუშევანიდან, ბოლნისის რაიონიდან. ეს პაციენტი იქ დადასტურებულის კონტაქტია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასაკოვანია, ჩივილები არ აქვს განსაკუთრებული, ტეპმპერატურაც ნორმაში აქვს. ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. დღეს ვნახავთ, აქვს თუ არა პნევმონია და შეფასებით ნაწილზე ხვალ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში მძიმე მდგომარეობაში კვლავ სამი პაციენტი რჩება.

„კვლავ რჩება მძიმე სამი პაციენტი. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგოური მონაცემებით არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებულად ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული, მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. კლინიკურად სტაბილური ვითარებაა.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ძირითადად გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, დაახლოებით 70%-ს აქვს პნევმონია, დანარჩენებში პნევმონია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან ორი მოზარდი მკურნალობს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 3511 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 243.