საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო იქმნება
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო იქმნება

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო იქმნება, – შესაბამის სიახლეს ითვალისწინებს კანაფის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი.

პროექტის მიხედვით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

„სააგენტოს ამოცანებია:

ა) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა.

ბ) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება.

გ) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დ) ნარკომანიის გავრცელების თვიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნულია კანონის პროექტში.

სააგენტოს საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი.

როგორც კანონპროექტში წერია, საქართველოში სამედიცინო/სამრეწველო მიზნებისთვის კანაფის მოყვანა-წარმოების დაწყების ინიციატივა და ამ საქმიანობის რეგულირების მიზნით სპეციალური სააგენტოს შექმნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარიან ხარჯს იწვევს.