საქართველოში იტალიის ელჩი - სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს
საქართველოში იტალიის ელჩი - სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს

ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც სტაბილურობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„რაც მოვისმინეთ შეხვედრაზე, ეს იყო დადასტურება იმისა, რაც ახალი ამბებიდან ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ მსგავსი საკითხების განსახილველად არსებობს არხები და ეს საკითხები განხილული უნდა იყოს „აიპიარემის“ (IPRM – ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) შეხვედრაზე, რომელიც სამწუხაროდ ჩაიშალა. ეს არის არხები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული მსგავსი საკითხების გადასაჭრელად. ჩაიშალა შეხვედრა, მაგრამ იმედი გვაქვს, იქნება ახალი შესაძლებლობა მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც ხვალ იგეგმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით ამ ინფორმაციას დედაქალაქში და გავავრცელებთ, ეს არის ჩვენი საქმე“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.

დატოვე კომენტარი