თბილისში იაპონური საბრძოლო ხელოვნების, კენდოს VIII-ე საერთაშორისო სემინარი და საჩვენებელი ორთაბრძოლები გაიმართა.
სემინარის მიზანი საქართველოსა და კავკასიაში ამ სახეობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სემინარსა და საჩვენებელ ორთაბრძოლებს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტადაჰარუ უეჰარაც ესწრებოდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიება ტარდება და რომ აქ კენდოთი დაინტერესდნენ. პირადად მე სხვა საბრძოლო სახეობაში ვვარჯიშობ, კენდოს მიმდევარი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ იაპონური საბრძოლო ხელოვნების გაცნობა, პოპულარიზაცია და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – ამბობს საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა.
საქართველოს კენდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ლეკაშვილის თქმით, კენდოს პოპულარიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს.
„თანამედროვე კენდო ისეთ სულისკვეთებას აღვივებს, რაც დღეს საქართველოში აუცილებელია. მიმაჩნია, რომ მისი გავრცელება, პოპულარიზაცია და მასობრიობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს“,- განაცხადა ლეკაშვილმა.