თბილისში კენდოს საერთაშორისო სემინარი გაიმართა
თბილისში კენდოს საერთაშორისო სემინარი გაიმართა

თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში კენდოს მეათე საერთაშორისო საზაფხულო სემინარი დაიწყო, რომელიც 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

სემინარში მსოფლიო „კენდო ბუტოკუ-ვაშინ კაის“ (Kendo Butoku-Washin Kai) 18 სენსეი მონაწილეობს. ეს კენდოში კავკასიის მასშტაბით უპრეცედენტო სემინარია. მოწვეულია მრავალი საპატიო და ოფიციალური სტუმარი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან.

სემინარის გახსნაზე იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა. სემინარის გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა საჩვენებელი ბაზისური და ჯგუფური ვარჯიშები. კენდოს მეათე საერთაშორისო საზაფხულო სემინარი ხვალ დაიხურება.

სემინარის ორგანიზატორები არიან საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია, იაპონიის კენდოს ფედერაციის კლუბი – „World Kendo Butoku-Washin Kai“, თბილისის კენდოს კლუბი – „სამურაი“, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კენდოს კლუბი. მხარდამჭერები კი არიან ევროპისა და მსოფლიოს კენდოს ფედერაციები, იაპონიის საელჩო საქართველოში, ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამასახური.

გიორგი ლეკაშვილი, საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – „წელს ჩვენს ფედერაციას 10 წელი შეუსრულდა და სემინარი ამასაც მიეძღვნა. მიხარია, რომ ჩვენს ღონისძიებაზე იმყოფება იაპონიის ბატონი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, რომელიც ჩვენს ტურნირებს სიამოვნებით ესწრება. სემინარზე ასევე ჩამოვიდა 19 ოსტატი, რომელთა უმრავლესობა მეშვიდე დანის მფლობელია. ეს ადამიანები იაპონიის ფედერაციაში კენდოს განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის მათი ჩამოსვლა და სემინარში მონაწილეობა. ასეთი რამ ხომ ყოველ წელს არ ხდება. მსგავსი ღონისძიებები საქართველოში კენდოს და ამ სახეობის ფედერაციის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით შემოდგომაზე თბილისში დიდი საერთაშორისო ტურნირიც ჩატარდება“.

კუნიო ოკადა, სემინარის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მეხუთე დანის მფლობელი – „მოსკოვში იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკურ პალატას ვხელმძღვანელობ, რომელსაც პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარება ევალება. ესაა ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო. კენდოს დახმარებით კი ამ სახეობის წარმომადგენლები ბევრ ქვეყანაში გავიცანი, მათ შორის, საქართველოშიც. ბოლო წლებში თქვენს ქვეყანაში ეს სახეობა საგრძნობლად განვითარდა და ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი კენდოისტი გამოჩნდა. იაპონელი ოსტატები საკუთარ ხარჯზე ჩამოსვლას ამიტომაც დათანხმდნენ და ქართველებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებიან. მიმაჩნია, რომ ეს სემინარი საქართველოში სახეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“.