საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი - Seedstars თბილისი 2019 ჩატარდება
საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი - Seedstars თბილისი 2019 ჩატარდება

საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი – Seedstars თბილისი 2019 ჩატარდება. ღონისძიებას სათავეში დგას ორგანიზაცია SeedstarsWorld, რომელიც ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს.

კონკურსი ინოვაციური იდეების მქონე ქართველ დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები გლობალურ ბაზარზე გაიტანონ.

კონკურსი 30 ივნისს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ „ალიანს ჯგუფის“, „ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის“, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ასევე „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება.

კონკურსის დეტალებზე დღეს  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ მრჩეველმა ინოვაციების პოლიტიკის საკითხებში მალხაზ ნიკოლაშვილმა და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი ლომიძემ ისაუბრეს.

გადაცემაში საქართველოში დამწყები ბიზნესის, ე.წ. სტარტაპების კუთხით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ინოვაციური იდეების მსოფლიო ბაზარზე გატანის მნიშვნელობას, რასაც ხელს უწყობს კონკურსი – Seedstars.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, კონკურსის ფარგლებში 20 სტარტაპი შეირჩევა. იდეის ავტორები სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად  მოწვეული მენტორების დახმარებით ტრენინგებს გაივლიან.

გამარჯვებულს ჟიური რვა საუკეთესო სტარტაპიდან გამოავლენს, რომელიც საქართველოს შვეიცარიაში, გლობალურ Seedstars სამიტზე წარადგენს. სამიტის გამარჯვებულს კი, ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა. აღნიშნული კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.

„ამ კონკურსის ძირითადი იდეაა რეგიონულ სტარატაპებს თითოეულ ქვეყნაში საშუალება მიეცეთ, თავისი იდეები და პროექტები წარადგინონ. გამარჯვებული რეგიონულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

ლომიძის შეფასებით, კონკურსი იდეების ექსპორტზე გატანის საშუალებას იძლევა.

„ეს კონკურსი მეოთხე წელია, ტარდება და ყველა ქართველ სტარტაპერს საშუალება ეძლევა, გლობალურ ბაზარზე გაიტანოს საკუთარი იდეა და სახელი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, იდეები ექსპორტზე გავიტანოთ და ლოკალურ ბაზარზე არ ჩავიკეტოთ“, – განმარტა გიორგი ლომიძემ.

მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებული „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ინოვაციურ იდეებს 2016 წლიდან აფინანსებს, 90-მდე გამარჯვებული იდეა გამოვლინდა და მსურველთა განცხადებების მიღება არ წყდება.

„დღეს ჩვენი ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში 90-მდე იდეაა გამარჯვებული. აქედან 50-ზე მეტში კაპიტალშენატანები სრულად ან ნაწილობრივ უკვე განხორციელდა. ნაწილი დამუშავების ეტაპზეა, ნაწილი,  ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე. განცხადებების მიღება უწყვეტად მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ლომიძემ.

მისი შეფასებით, „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის შედეგად, ქვეყანაში უკვე დამკვიდრდა იმის პრეცედენტი, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული დამწყები ბიზნესი მომგებიანი გამოდგა და კერძო ინვესტორზე სარფიანად გაიყიდა.

„ოთხი ასეთი შემთხვევა გვაქვს, როცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტარტაპი არ დაელოდა გამოსყიდვის საბოლოო ვადას, სარფიანად გაიყიდა და კერძო ინვესტორის ხელში გადავიდა. შეიქმნა პრეცედენტი, რომ კერძო სექტორი და საბანკო სექტორიც აქტიურად დაინტერესდა ჩვენი პროდუქტით. საბანკო სექტორი უკვე ეტაპობრივად გვანაცვლებს. ჩვენი დაფინანსების ზედა ზღვარი 100 ათასი ლარია, ქვედა 15 ათასი, მაგრამ ამ მოცულობითაც კი ჩვენი სტარტაპებიდან ზოგი გლობალურ ბაზარზე გავიდა და მათი მოგება რამდენიმე ასეული ათასი ლარია. საკმაოდ სოლიდური მოთამაშეებიც არიან. ამიტომაც გახდა ჩვენთვის საინტერესო, რომ გლობალური დონის სტარტაფები შეგვექმნა და „სიიდსთარსთან“ (Seedstars) გვეთანამშრომლა“, – განუცხადა გიორგი ლომიძემ „ბიზნესპარტნიორს“.