საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დღეს ერიკ ჰოეგი დაამტკიცა.

დანიელი დიპლომატი 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. 2015 წლის აპრილიდან იყო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. ერიკ ჰოეგი ლიტველ კიასტუტის იანკაუსკასს ჩაანაცვლებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მნიშვნელოვანი ელემენტი კონფლიქტის ზონაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის. 300-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად მისია წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურ გარემოს. მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ დავინიშნე მისიის ახალ ხელმძღვანელად. გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავაგრძელო სადამკვირვებლო მისიის მიერ დღემდე გაწეული სამაგალითო მუშაობა“, – განაცხადა ერიკ ჰოეგმა.

ერიკ ჰოეგი საქართველოში ჩამოსვლამდე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის იკავებდა ხელმძღვანელ პოსტებს როგორც კოპენჰაგენში, ასევე საკუთარი ქვეყნის მისიებში საზღვარგარეთ. დიპლომატი მუშაობდა ტალინში განთავსებულ დანიის საელჩოში (2001-2004), ასევე მოსკოვსა (2010-2012) და გაეროში – დანიის მუდმივმოქმედ მისიაში (2007-2010)

ევროკავშირმა საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია 2008 წელს გამოგზავნა. ბრიუსელში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს, ევროკავშირის შუამავლობით, ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

მისიის პრიორიტეტებია სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. 200-მდე დამკვირვებელი 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს.

მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, უკვე 9 წელია, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამკვირვებლებს არ უშვებენ.

მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე საუბარია ყველა დეკლარაციაში, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ იღებს. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ წარმომადგენლებს არ ეძლევა მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.