საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე მარეკ შჩიგიელი დაინიშნა. მოვალეობის შესრულებას ის 15 მარტს დაიწყებს.
შჩიგიელი პოლონელი დიპლომატია, რომელიც ერიკ ჰოგს შეცვლის, რომელიც მისიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
რაც შეხება მარეკ შჩიგიელს, ის ამ დრომდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო კიბერპოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევების ელჩად მუშაობდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო.
მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენასა და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.