საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ.

რეგიონებში ვიზიტებისას, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეკონომიკისა და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას და გარემოსდაცვით თემებს განიხილავენ.

ევროკომისიის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება.

„პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებზე ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებსა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება – ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს სასამართლო რეფორმის მკაფიო პროგრესი, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის. ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.

დატოვე კომენტარი