საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა ექვსი წლიდან 12 წლამდე იზრდება
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა ექვსი წლიდან 12 წლამდე იზრდება

საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა – ექვსი წელი, 12 წლით იცვლება. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში უცხოელის სავარაუდო ყოფნის ვადით. ასევე ინიციატივაში ნათქვამია, რომ უცხოელს საქართველოში ექვსი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს, ეს როგორც ამჟამად ხდება.

„საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, უცხოელზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხოელებს მუდმივი ბინადრობის მოპოვების საფუძვლის მიუხედავად, სურთ, საქართველოში ექვს წელზე მეტი ხნით დარჩენა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან კანონი არ აძლევს უცხოელს დროებითი ბინადრობის ექვს წელზე მეტი ხნის ვადით ფლობის საშუალებას. ასევე ხშირ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უცხოელს ყოფნის მიზანი არ შეესაბამება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებს. მაგალითად, სასწავლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის ვადა 12 წლამდე გრძელდება, ასეთია სამედიცინო ფაკულტეტი. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნა ექვსი წლის შემდეგაც დროებითია და ემსახურება ცოდნის მიღებას სამშობლოში მისი გამოყენების მიზნით, საქართველოსთან იძულებითი გრძელვადიანი ბმა და მუდმივი ბინადრობის აღების ვალდებულება როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად შეუსაბამოა ამ მიზანთან”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.