საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი - მადლობა პოლიციას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი - მადლობა პოლიციას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ მხარს უჭერს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას.

მისივე თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, თავისუფლად შეიკრიბონ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციას ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ ღონისძიებას. ეს აბსოლუტურად სწორია. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, თავისუფლად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი თავი. ადამიანის უფლებების პატივისცემა კრიტიკული საკითხია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს და სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ადამიანის უფლებების დაცვა ამ ორგანიზაციების მთავარი ღირებულებაა. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პოლიციას ამ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.