საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჟენგის ვიზიტი იგეგმება
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი 6-12 ნოემბერს თურქეთში გაემგზავრება, რის შემდეგ საქართველოს ესტუმრება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინგმა განაცხადა.
ჰან ჟენგი თურქეთში, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტზე.
პეკინში აცხადებენ, რომ ჰან ჟენგი მზადაა, სხვა მხარეებთან ერთად დაიცვას მრავალმხრივობის პრინციპი და ხელი შეუწყოს შეხვედრის წარმატებას.
საქართველოსთან დაკავშირებით მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს. მისივე თქმით, ბოლო წლებში, ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო.
ვიზიტის დროს ჰან ჟენგი ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობასა და საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელებს.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ.