საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საქართველო მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ, დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საერთაშორისო პერსპექტივიდან საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პასუხი უკრაინაში შეჭრაზე, არის იგივე, რაც მთელს მსოფლიოში.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე დავესწარი რამდენიმე ასეთ აქციას, უკრაინის სოლიდარობის მიზნით, რომ უკეთ გამეგო, როგორია ხალხის რეაქცია. ქართველი ხალხის პასუხი შეჭრაზე, არის იგივე, რაც მთელს მსოფლიოში – ყოველდღიური აქციები, მხარდამჭერი და სოლიდარობის დემონსტრაციები და ეს არ არის მხოლოდ მიტინგები, რომელიც რუსთაველზე იმართება. ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველგან მხვდება უკრაინისა და საქართველოს დროშები, ჩვენი საელჩოს წინაც ფრიალებს უკრაინული დროშა სოლიდარობის ნიშნად.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია. საერთაშორისო პერსპექტივიდან საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, იქნება ეს გაერო-ს უშიშროების საბჭო, თუ გენერალური ასამბლეა, ეუთო, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ა.შ. საქართველო დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო“, – აღნიშნა კლეიტონმა.