საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციაზე, ვისაუბრეთ იმ ხალხის ბედზე და პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს ოკუპაციის, საოკუპაციო ზოლისა და მავთულხლართების გამო. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი ვიზიტი, ასეთი რანგის სტუმრების ვიზიტი რეგიონში ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მათ თავისი თვალით და თვითონვე შეაფასონ ის პრობლემები, გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს ოკუპირებული რეგიონებიდან“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.
ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა.
მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.