საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება იგეგმება
საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მაღალი მობილობიდან გამომდინარე, ბაზრობებთან დაკავშირებით მეტი ყურადღებაა საჭირო.

მისივე თქმით, ლილოს ბაზრობაზე მომუშავეების გარდა, ტესტირება სხვა ბაზრობებზეც არის დაგეგმილი.

„მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, სანიტარული წესები. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე. ხაზს ვუსვამ, ბაზრობები ინფექციის გავრცელების  ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს არც პანიკის საფუძველი აქვთ, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ყურადღება არ უნდა მოდუნდეს.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ეს ციფრები მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. დაუშვებელია ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა. დაუშვებელია, ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.