საქართველოში 2020 წელს ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება
საქართველოში 2020 წელს ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

საქართველოში 2020 წელს 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ხუთი ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად შესაბამისი კვლევვები ჩატარდა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას იწვევს, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია, 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე მიიღოს.