საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სფეროს სპეციალისტებმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინშეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს კლინიკური საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებს. მათივე ცნობით, ისაუბრეს ტესტირების ალგორითმზე და იმ პრეპარატებზე, რომელთაც მკურნალობისას გამოიყენებენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ფაქტი, რომ სომხურ და ქართულ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, პოზიტიური მოვლენაა.

„თქვენ იცით, რომ მათი მხრიდან იყო რაღაც დაუფიქრებელი თუ მიუღებელი, და რაც მთავარია, სიმართლეს აცდენილი ფაქტები, რომელსაც ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ. ამიტომ, ეს ინციდენტი ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ გავაცანით ჩვენი გამოცდილება „კოვიდ-19“-ით ავადმყოფების მართვის საკითხში. მათ თავისი გამოცდილება გაგვაცნეს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის ჩვენი პრინციპები არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ამიტომ გვაქვს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვიდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მაგრამ კმაყოფილებით მინდა, შევნიშნო, რომ პაციენტთა მკურნალობისა და მართვის საკითხებში მათი მიდგომებიც საკმაოდ კარგია. ბევრი რამ ჩვენ შორის საერთოა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან იწყება გაცილებით მნიშვნელოვანი ონლაინშეხვედრა, რა დროსაც საუბარი შეეხება უშუალოდ ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას.

„კლინიკური მართვის თემა ამოვწურეთ და ვიტყოდი, რომ ის, რაც ხვალიდან უნდა დაიწყოს, ის ონლაინშეხვედრები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა და სწორედ ის, რაზეც ხვალ იქნება საუბარი, პირდაპირ შეეხება ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას და იმის დაძლევას, რაც იქ ხდება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.