საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიენიჭება
საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიენიჭება

საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული დიალოგი ორ პარტნიორ ქვეყანას შორის თავს მოუყრის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ორიენტირებული იქნება ახალი შესაძლებლობების გამოძებნაზე.

„საფრანგეთის მხრიდან არსებობს სურვილი, ეს დიალოგი გახდეს რეგულარული და მაღალი დონის და მან თავი მოუყაროს ყველა საკითხს, რომელიც უკვე ძალიან ბევრია ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში და ამით ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანოთ თვისობრივად ახალ ეტაპზე. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით საფრანგეთის ამ ინიციატივას, ასევე მივესალმებით დიალოგის დასახელებას, რადგანაც დიმიტრი ამილახვარი ნამდვილად ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი ასევე იქნება დიდი პოზიტივის მომტანი ორმხრივ ურთიერთობებში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მიხეილ ჯანელიძე, ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო არსებული თანამშრომლობის სფეროების გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საფრანგეთის მხრიდან კი ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას – „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.