საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.

მათივე ცნობით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევსა და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

დატოვე კომენტარი