საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს
საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროებში. საუბარი შეეხო აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმდინარეობას. პორტუგალიის იუსტიციის მინისტრის გარდა, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან. დარგობრივი თემების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან სასაუბრო თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.

პრაღაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება იყო. მინისტერიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.