საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით მალდივის რესპუბლიკას ეწვია. ქვეყნის დედაქალაქ მალეში საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

მალდივების მხრიდან კონსულტაციებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ხალილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივი კონსულტაციების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კონსულტაციებზე მხარეების მიერ განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრული კავშირების დამყარების მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა სავაჭრო-საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები.

ხაზი გაესვა 2020 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 10 წლის იუბილეს სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მალდივების სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მალდივების მხარის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები მალდივის რესპუბლიკის კომუნიკაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრთან მოჰამედ მალიჰ ჯამალთან, ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო მინისტრთან ნეეზა იმადთან და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრთან აჰმედ სალიჰთან.