საქართველოსა და ლიეტუვას შორის საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვას შორის საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი. შეხვედრის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო – ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ენტონი მიკულსკისმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყებას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ დოკუმენტს ხელი მოეწერა მხარეების მიერ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება და მეტი შედეგის მომტანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის”, – განაცხადა სოსო რამიშვილმა.

ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ენტონი მიკულსკისმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ სამართალდამცავ უწყებას შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა ორ უწყებას შორის, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც კონკრეტულ დადებით შედეგებს მოგვიტანს”, – ენტონი მიკულსკისმა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიას, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან (OLAF) ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას, ხაზი გაესვა გამოძიების პროცესში სხვადასხვა საინფორმაციო ბაზების გამოყენების მნიშვნელობას, საქართველოს და ლიეტუვას კოლეგა უწყებების საქმიანობის სხვა ძირითად ასპექტებს, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის კონკრეტული მიმართულებები დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, ლიეტუვას რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.