საქართველოსა და კაბო ვერდეს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე - ქუთაისში ანშლაგი გარანტირებულია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს – შეხვედრა 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებმა 7 ივნისს თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ცნობილია, რომ ამჯერად ვილი სანიოლმა გუნდის ლიდერები არ გამოიძახა და კაბო ვერდეს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.
„ჯვაროსნების“ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია. კაბო ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა და ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე კამერუნის ნაკრებს ერთი ქულით ასწრებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში შეეცდებიან მუნდიალის საგზურის მოპოვებას.
საქართველოს ნაკრები ქუთაისში მესამედ ითამაშებს. პირველ შეხვედრაში, 2001 წელს აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხეს, მეორედ კი, 2017 წელს ფრედ (2:2) დაასრულეს მატჩი ბელარუსის ნაკრებთან – ორივე ეს შეხვედრა ამხანაგური იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და კაბო ვერდეს მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგი გარანტირებულია.