საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს ხელი მოეწერება
საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს ხელი მოეწერება

საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაში დღეს პირველად მოეწერება ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, ნატო-ს 2014 და 2016 წლების სამიტების გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში და განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. დღის მეორე ნახევარში ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიაში გაგრძელდება, სადაც მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, გერმანული მხარე კი, წარმოადგენს პრეზენტაციას Mission Command-ის გერმანულ მოდელზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღეს, 27 ნოემბერს დასრულდება.