საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი. პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა.

„თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე. რატი ბრეგაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული სამართლებრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამავდროულად ხელი შეეწყობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა. გერმანია იზიარებს დემოკრატიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის ღირებულებას. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ხელი მოეწერა ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ამბიციებითა და სურვილებით, რაც  საქართველოს ევროკავშირის წევრობას უკავშირდება“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი.