საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში, ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ მხარს დაუჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებები გამოკვეთეს.

ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან.