საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება

„საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) თემაზე დღეს ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებაზე ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები წარმოადგენენ რეკომენდაციებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პროფესიული განათლების საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, თინათინ სალაყაიასა და თამაზ ბახტაძესთან.

შეხვედრის მეორე ნაწილში დისკუსიაში ჩაერთვებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები: ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლაშა ინაური, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მარიამ გელაშვილი და სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძე.

შეხვედრაზე იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:

• მოსახლეობის განათლება და ინფორმაციის გავრცელება მასმედიის საშუალებებით;

• საინფორმაციო-საკონსულტაციო და ექსტენციის სისტემა;

• სახელმწიფო კონტროლი მცენარეთა დაცვის საშუალებებზე და კვების პროდუქტების საცალო რეალიზაციის სიტემა;

• სადაზღვევო, საფინანსო სექტორი და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტი.

„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ არის პროექტი, რომელიც ხორციელდება: აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (EESC, ლიტვა), საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის“ (ABCO, საქართველო), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), GLOBSEC პოლიტიკის ინსტიტუტის (GPI, სლოვაკეთი), „კავკასიის გენეტიკის“ ასოციაციის (საქართველო), ათინათის (საქართველო) და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“-ის (საქართველო) მიერ. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის აპრილამდე განხორციელდება.

შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება.