საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ამ მიზნით საქართველოს ეწვია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაულ ტეესალუ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიური კონტაქტებს როგორც უმაღლეს დონეზე, ასევე უწყებრივი მიმართულებით ისეთ სფეროებში როგორებიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება და კულტურა, ელექტრონული მმართველობა, კიბერუსაფრთხოება, საგადასახადო რეფორმა და სხვა.

„მინისტრების მოადგილეებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ამ მიმართულებებით ახალი შესაძლებლობების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა, რის კარგ საფუძველსაც იძლევა ბოლო წლების განმავლობაში როგორც სავაჭრო ბრუნვის, ისე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას და ამის პოზიტიურ მაგალითად მოიყვანეს მიმდინარე წლის აპრილში ტალინის მერის ვიზიტი თბილისში, რა დროსაც მოხდა ორი ქვეყნის დედაქალაქების ოფიციალურად დამეგობრება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პოზიტიურ მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„ვახტანგ მახარობლიშვილმა დეტალურად გააცნო ესტონეთის დელეგაციას ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ ესტონეთის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აღინიშნა 2018 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან, ხოლო ესტონეთი დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში, როგორც ესტონეთში, ისე საქართველოში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, ხოლო უშუალოდ 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ესტონეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა.

პაულ ტეესალუს განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ადრეულ ეტაპზევე გამოიკვეთა მისი სწრაფვა და ქვეყნის მოსახლეობის ნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაში ესტონეთს ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვის და მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგებს წლების მანძილზე გაწეული როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ისე პრაქტიკული დახმარებისათვის.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – აღნიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.