საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მომავალ კვირაში იგეგმება
საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მომავალ კვირაში იგეგმება

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მომავალ კვირაში იგეგმება. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს დღეს ბიუროს სხდომაზე წარედგინა.

შეთანხმების განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტებში იგეგმება, მოგვიანებით კი, დოკუმენტის რატიფიკაცია 29 ოქტომბერი პირველი ნოემბრის პლენარული სხდომების კვირაში მოხდება.

ქვეყნებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა 21 ოქტომბერს, ლონდონში. შეთანხმება ბრექსიტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა; ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები; საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; ასევე რეგიონული თანამშრომლობა და სხვა.

ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) დებულებებს.

ასევე შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე შეთანხმების სიკეთეები განავრცონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით.