საქართველოსა და დანიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
საქართველოსა და დანიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ამ მომენტამდე საქართველოს და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ხორციელდებოდა. ახალ პირდაპირ რეისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე მიხეილ იაშვილი და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო დახვდნენ.

ტრადიციულად პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა შორის უმეტესობა დანიის მოქალაქე იყო, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.

„დღეს შესრულდა პირველი პირდაპირი რეისი კოპენჰაგენიდან საქართველოს მიმართულებით. საერთო ჯამში კი სექტემბერში ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ევროპული მიმართულება ემატება. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარის“​ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, ევროპის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეს არის სერიოზული ბიძგი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით იმერეთის მხარისთვის, რადგან ისტორიულად ამ რაოდენობის ტურისტი ამ აეროპორტს არ ახსოვს“, – განაცხადა მიხეილ იაშვილმა.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ეტაპობრივად, შვიდი ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარის, ტალინსა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის“ ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან დაკომპლექტდა.

„საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ვაგრძელებთ ახალი მიმართულებების დამატებას. სექტემბერში „ვიზეარი“ ქუთაისიდან შვიდ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. მომავალ წელს თქვენს აეროპორტში ჩვენი საჰაერო ხომალდების რიცხვს კიდევ გავზრდით. ვფიქრობთ, ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ქუთაისში ოპერირება დავიწყეთ, ჩვენი საშუალებით ქვეყანაში ბევრი ტურისტი ჩამოვიდა და ასევე, საქართველოს უამრავ მოქალაქეს გაეხსნა პირდაპირი გზა ევროპისკენ“, – განაცხადა ანდრაშ რადომ.

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია „ვიზეარის“ პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „ვიზეარი“ ბაზრის ლიდერი გახდა.