საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საგრანტო პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს, აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს 2013-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის პატრნიორობის გაღრმავებაში ინვესტირებული მილიონ 350 ათასი ევროს შედეგები.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ექვს საგრანტო პროექტს.

პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანის არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციებმა ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელეს. პროექტების საშუალებით გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ახლებური მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებას, გაძლიერებას და ტურიზმის განვითარება.

„პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და ადგილობრივი მთავრობებისთვის ექვსი გრანტი გაიცა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროექტის მენეჯერმა, ნატო ალხაზიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტის დამფინანსებლები ევროკავშირი და გერმანიის მთავრობაა.

„დღეს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა. პროგრამის ფარგლებში გაიცა ექვსი გრანტი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და აგრეთვე ადგილობრივი მთავრობებისთვის“, – განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას.