საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის მეთხედფინალში გასასვლელად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც ავტომატურად მოიპოვებდა.

მატჩის პირველი მეოთხედი ნიდერლანდების ნაკრების მცირე უპირატესობით წარიმართა – 3:2.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე მეოთხედი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა, 5:1 მოიგო და შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდა.

მესამე მეოთხედში ნიდერლანდელები გააქტიურდნენ და სხვაობის შემცირება სცადეს, მაგრამ საბოლოდ, ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი დააფიქსირა – 2:2(9:6).

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 12:8.

ჩვენმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.