საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე 
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა და კანადის ნაკრები 14:11 (1:3, 2:3, 4:4, 4:4) დაამარცხა.

მატჩის პირველ – მეორე პერიოდში საქართველოს უპირატესობა აშკარა იყო რაც შედეგზეც აისახა. დარჩენილ ორ მეოთხედში კი კანადამ თამაშის ხარისხი შედარებით გამოასწორა, თუმცა, რიგ ეპიზოდებში საკმაოდ უხეშობდნენ. მიუხედავად ამისა, შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო და გუნდმა მთავარი მიზნისკენ კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები წყალბურთში კანადის ეროვნულ გუნდს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ა ჯგუფში მონტენეგროსა და საბერძნეთის ნაკრებების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ, 17 თებერვალს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის შემდეგ ეტაპზე ა და ბ ჯგუფებიდან 4-4 გუნდი გავა, ოლიმპიური თამაშების საგზურს კი ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.