საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრების წევრები ინდონეზიაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზებენ #1TVSPORT
27 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრების წევრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოვლენ.
ეს 2023 წლის სეზონის პირველი ტურნირია, რომელსაც სალიცენზიო სტატუსი აქვს მინიჭებული. აქ 2-2 საგზური გათამაშდება, მაგრამ თუ ამ კვოტაში უკვე ლიცენზირებული სპორტსმენი მოხვდება, მაშინ ლიცენზიას მისი მომდევნო სპორტსმენი მიიღებს.
ინდონეზიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ისევ ის ექვსეული დაიცავს, რომელმაც იანვარში სლოვენიასა და ხორვატიაში ზედიზედ გამართულ „დიდი პრიზის“ გათამაშების ტურნირებში წარმატებით იასპარეზა.
ქალთა ნაკრებში კვლავ ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე გამოვლენ, ვაჟებში – ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და კაკო მოსულიშვილი.
პირველი სტარტი 29 იანვარს იქნება, როდესაც ქალებიც და ვაჟებიც ძალებს პირად პირველობაზე მოსინჯავენ.