საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს.

თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.