საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 29 წელი გავიდა. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ტამიშის გმირების ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი