საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. მათ, ასევე, უწყებრივი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

მე-2 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. სამხედრო ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიების აქტიური მონაწილეცა არის. კოალიციური ძალების შემადგენლობაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო ოპერაციაში „თავისუფლება ერაყს“. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები დღემდე მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.