საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საიუბილეო ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ტარიელ მახარაშვილმა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩაელ სკარპულამ მიულოცეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სიძლიერე და წინსვლა უსურვეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვების“ მეთაური, მაიორი რობერტ გრეივსი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა ქვედანაყოფის სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

დატოვე კომენტარი