საქართველოს თასის ფინალის თარიღი ცნობილია - გადამწყვეტ მატჩს ბათუმი 7 დეკემბერს უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის თარიღი ცნობილია – ტიტულისთვის ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს დაუპირისპირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, შეხვედრა კი 7 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა. ტრიბუნები 20 000 ადამიანს იტევს, ბათუმის „დინამოს“ საშინაო არენაა და უეფა-ს მე-4 კატეგორიის სერთიფიკატი აქვს მინიჭებული. სტადიონი მომავალ წელს ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპისა და ფინალურ მატჩებს უმასპინძლებს.
ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებული „საბურთალოა“, მაგრამ „ლოკომოტივი 2“-თან მარცხით ტიტულს უკვე დაემშვიდობა.
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში მეათედ გავიდა – გუნდი ოთხგზის გამარჯვებული (1999, 2001, 2016, 2018) და ხუთჯერ ფინალში (2000, 2002, 2004, 2011, 2017) გავიდა.
თბილისის „ლოკომოტივი“ თასის ფინალში ხუთჯერ გავიდა – სამჯერ მოიგო (2000, 2002, 2005), ორჯერ კი დამარცხდა (2001, 2019). თბილისის „ლოკომოტივი 2“ კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი „ფარმ-გუნდია“, ხოლო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მესამე, რომელიც თასის ფინალში ითამაშებს.