სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს 2020 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ჩემპიონი „დინამო თბილისის“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდი შეკრების ფინალურ ეტაპზე იმყოფება და ახალ სეზონს კვირას გასამართ სუპერთასის მატჩით გახსნის. მატჩი 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ეპიდმდგომარეობის გამო მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.
„Covid 19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სუპერთასის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 2021 წლის სეზონის პირველ მატჩს შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან მედიის წარმომადგენლები“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
თუმცა, გულშემატკივარი შეხვედრას მაინც იხილავს, რადგან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დაგეგმილია და მისი ნახვა სფფ-სა და ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდებზე იქნება შესაძლებელი.