საქართველოს სუპერთასი - მწვრთნელების შეფასებები
საქართველოს სუპერთასი - მწვრთნელების შეფასებები

სლავა მეტრეველის სახელობის 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა მეტოქეთა მთავარმა მწვრთნელებმა შეაფასეს.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თასის მფლობელ „საბურთალოსთან“ 0:1 დამარცხდა.

გამარჯვებულთა მთავარი მწვრთნელი შედეგს კანონზომიერად მიიჩნევს, ხოლო „დინამოელთა“ დამრიგებელი წაგებას შეუთამაშებლობასა და თავდამსხმელების ტრავმებს მიაწერს.

„დაძაბული თამაში იყო და მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ტიტული მწვრთნელისთვის ყოველთვის და ნებისმიერ დროს მნიშნელოვანია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამას „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველივე თამაშში მივაღწიე. ჩემპიონები ვიყავით, თასიც ავიღეთ, სუპერთასი გვაკლდა და ახლა ესეც მოვიპოვეთ“ – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე.

კახა ჩხეტიანი, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: „ხარისხი არ იყო, რის მიზეზსაც ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ. მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ახალი მოთამაშე დავიმატეთ და შეუთამაშებლობა დაგვეტყო. პლიუს, სამი თავდამსხმელი ტრავმირებული იყო. მათ გარეშე თამაში კი რთულია, რადგან წინ ბურთს ვერ ვიჭერდით და ეს თამაშზე აისახა. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ხარისხობრივად და სანახაობრივადაც მოვუმატებთ და წინ ბევრი წარმატება გველის“.