საქართველოს სომეხთა ეპარქია სასულიერო რიტუალებსა და ცერემონიებს შეცვლილი ფორმატით ჩაატარებს
საქართველოს სომეხთა ეპარქია სასულიერო რიტუალებსა და ცერემონიებს შეცვლილი ფორმატით ჩაატარებს

საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს სომეხთა ეპარქია სასულიერო რიტუალებსა და ცერემონიებს შეცვლილი ფორმატით ჩაატარებს.

ამის შესახებ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა კირაკოს არქიმანდრიტ დავთიანმა ვიდეომიმართვის საშუალებით განაცხადა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეპარქიის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე რეგულარულად გამოქვეყნდება საკვირაო საღმრთო ლიტურგიების მნიშვნელობის ქადაგება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი წარადგენს.

„ეკლესიაში ბზობის, ვნების კვირის მნიშვნელობისა და იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილი ცერემონიები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. მრევლს შეეძლება წირვას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული დინამიკების საშუალებით მოუსმინოს ან უყუროს ონლაინ, პირდაპირი ტრანსლაციით“,- განაცხადა კირაკოს არქიმანდრიტ დავთიანმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა მრევლს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ილოცონ სახლებში.