საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 10-11 თებერვალს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ფრანტიშეკ რუჟიჩკამ შეხვედრაზე განიხილეს.

უწყების განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა  ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს და ამ მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩისა და სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატის, დავით კირვალიძის მხარდაჭერის საკითხს.